საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი არის სამეცნიერო-კვლევითი და საინფორმაციო-ანალიტიკური დაწესებულება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ახალი ცოდნის მოპოვებას, გავრცელებას და გამოყენებას ფუნდამენტური სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიმართულებებით. ინსტიტუტის მისია და დანიშნულება სხვადასხვა სირთულის სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების შესრულებაა, რაც ინსტიტუტის ინტელექტუალური რესურსების ეფექტურ გამოყენებას ეფუძნება. ინსტიტუტის მიზანია სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დამკვეთებისთვის განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები, მათ შორის სამეცნიერო პროექტები ადგილობრივი და უცხოური სამეცნიერო ფონდების მიერ გამოყოფილი გრანტების საფუძველზე. ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია წინა თაობის მეცნიერთა მიერ დამკვიდრებული ტრადიციების დაცვა.
ინსტიტუტი თავის მისიას ხედავს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის როლის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში.
სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ინსტიტუტი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი წლების განმავლობაში ინტენსიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში; არაერთი მათგანი ყოველწლიურად ხელმძღვანელობას უწევს ათობით სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომს.
სასწავლო პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინსტიტუტში გამართული მაღალი წარმადობის მძლავრი გამოთვლითი მანქანა – MICM HPC, რომელზეც უნივერსიტეტის სტუდენტები ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელმძღვანელობით ამუშავებენ ხელოვნური ინტელექტის, მათემატიკის, საინჟინრო და სხვა თანამედროვე გამოყენებითი დარგების პრაქტიკული დანიშნულების მქონე ამოცანებს.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია აღნიშნული სერვერული გამოთვლითი მანქანის დატვირთვა საგანმანათლებლო ხასიათის სხვადასხვა პროგრამებით. სახელდობრ, ეს შეიძლება იყოს საუნივერსიტეტო სწავლებისთვის აუცილებელი დიდი მოცულობის სასწავლო მასალების (ვიდეო-ლექციების, სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ვიდეო-რგოლებისა და ფილმების, ინტერაქტიული და ტესტური შინაარსის მონაცემების) სერვერულ სივრცეში განთავსება; სერვერზე დაინსტალირებულ გამოთვლითი, საინჟინრო თუ სხვა პროფილის ლიცენზიურ პროგრამულ პაკეტებზე წვდომა; დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების განხორციელება.