2024 წლის 17 დეკემბერს, ევროკომისიისგან მივიღეთ შეტყობინება საპროექტო წინადადების “ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევარების საზოგადოების ახალი თაობისთვის” ( FORGE-AI: FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) საგრანტო ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე გადასვლის შესახებ.
პროექტის შესრულება დაიწყება 2025 წელს, სავარაუდოდ გაზაფხულზე, სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ.
FORGE-AI ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპას (HORIZON EUROPE) პროგრამით დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტია, რომლის კოორდინატორი იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი. ამჟამად, ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ჰორიზონტი ევროპას პროექტი “GAIN”, რომელიც დასრულდება 2025 წლის სექტემბერში.
პროექტი FORGE-AI სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტი აღემატება 2 მილიონ ევროს.
პროექტში, ქართულ უნივერსიტეტებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან და სტარტაპებთან ერთად, ჩართული იქნებიან პარტნიორები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან, სულ 13 პარტნიორი.
პროექტი მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და უზრუნველყოს მდგრადი პირობები ახალგაზრდა მკვლევართა კარიერის გასაძლიერებლად სხვადასხვა სექტორებში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის სფეროში. კერძოდ, დაგეგმილია (1) ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევარების და კვლევის მენეჯერების (“ტალანტების”) ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება; (2) სექტორთაშორისი მობილობისა და ცოდნის მიმოქცევის დამატებითი ღირებულების დანერგვა და დემონსტრირება, და (3) ეროვნული ინოვაციების მხარდამჭერი დაფინანსების მექანიზმების მოდერნიზება კარიერის ამაღლების პრინციპებისა და აქტივობების ჩართვით.