საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გამოჩენილ მეცნიერსა და მკვლევარს, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას, დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ულოცავს.
“ბატონო ვახტანგ, გულითადად გილოცავთ 75 წლის იუბილეს.
მეცნიერებისა და განათლების განვითარების საქმეში თქვენი მრავალწლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობა შეუფასებელია. თქვენ, როგორც ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, არა მხოლოდ განაგრძეთ ქართული მათემატიკის სკოლის უმდიდრესი ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყეთ ხელი მის შემდგომ განვითარება-გაძლიერებას.
თქვენი სამეცნიერო ბიბლიოგრაფია, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ ნაშრომს, სახელმძღვანელოებსა და მონოგრაფიას, მიუთითებს იმ დაუღალავ შრომასა და პროფესიონალიზმზე, ასე რომ გახასიათებთ. თქვენი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა მაგალითია მომავალი თაობებისთვის, ხოლო თქვენი თაოსნობით განხორციელებული საერთაშორისო კვლევითი პროექტები მნიშვნელოვანი შენატანია როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის განვითარებაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებს და სამეცნიერო მიღწევებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი გამოცდილება კიდევ დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი საყრდენი ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სისტემისთვის“, – აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
მილოცვის სანახავად გადადით ბმულზე.
ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსსა და დამსახურებულ მეცნიერს, ვახტანგ კვარაცხელიას 75 წლის იუბილეს ულოცავს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.
გივი მიქანაძე: “მინდა, დიდი პატივისცემით მოგილოცოთ 75 წლის იუბილე.
გამორჩეული პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობით, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით მეცნიერების განვითარებაში. მართლაც ფასდაუდებელია ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის განვითარებაში თქვენი როლი. თქვენი ნაყოფიერი მოღვაწეობის ნათელი მაგალითია არაერთი ნაშრომი და ის პროექტები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქართული სამეცნიერო სივრცის განვითარებისთვის განახორციელეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას.”
მილოცვის სანახავად გადადით ბმულზე.