ცნობილი ქართველი მათემატიკოს-მკვლევარის, პედაგოგის და ორგანიზატორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარისა და ინფორმატიკის განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ჰამლეტ მელაძის მრავალრიცხოვან აკადემიურ ჯილდოებს კიდევ ერთი საერთაშორისო და პრესტიჟული ჯილდო შეემატა. ეს არის კომპიუტერულ სფეროში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სამეცნიერო-სასწავლო ორგანიზაციის, გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციის (ACM) მიერ დაწესებული ჯოზეფ ს. დებლასის (Joseph S. DeBlasi) ჯილდო.
ჯილდოს გადაცემა მოხდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე გაფართოებულ სხდომაზე, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს.
ჯოზეფ ს. დებლასის პრესტიჟული ჯილდოს დამაარსებელი ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery) დაფუძნებულია 1947 წელს, ქალაქ ნიუ-იორკში (აშშ) და თავის რიგებში აერთიანებს 100000-ზე მეტ წევრს: პროფესორებს, მეცნიერებსა და პროფესიონალებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას მთელ მსოფლიოში და იზრუნოს თავისი წევრების პროფესიულ ზრდაზე.
ზემოაღნიშნული ჯილდო გადაეცემა დარგის იმ გამორჩეულ სპეციალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში წარმმართველ როლს ასრულებდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მეცნიერების წინსვლაში, განსაკუთრებით მსოფლიოში ინფორმატიკის სპეციალობის ნიჭიერი სტუდენტების აღმოჩენისა და მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობის მიმართულებით. ამ ჯილდოს დამსახურებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯილდოს მოპოვების კანდიდატის მონაწილეობის ხარისხს „დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC)“ ციკლში შემავალი ღონისძიებების მოწყობაში.
ICPC (International Collegiate Programming Contest) მიჩნეულია მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად. ეს ღონისძიება ტარდება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობს 60000-მდე ნიჭიერი სტუდენტი ექვსივე კონტინენტის 100-ზე მეტი სახელმწიფოს დაახლოებით 4000 უნივერსიტეტიდან. ფინალს წინ უძღვის კარგად ორგანიზებული შესარჩევი შეჯიბრებების ციკლი ფინალური ეტაპისთვის უძლიერეს მონაწილეთა გამოსავლენად. აღნიშნული შეჯიბრება იმართება 1977 წლიდან, ხოლო 1992 წლიდან მას მიეკუთვნა მსოფლიო ჩემპიონატის სტატუსი. ICPC-ის სათაო ოფისი მდებარეობს ბეილორის უნივერსიტეტში (აშშ).
აღსანიშნავია, რომ ICPC-ის შედეგებს ყურადღებით აკვირდებიან კომპიუტერულ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მოღვაწე უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიები და ითვალისწინებენ მათ ამა თუ იმ რეგიონში საკადრო-საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისას.
პროფესორი ჰამლეტ მელაძე 2005 წლიდან არის ICPC-ის სამხრეთ კავკასიის ჯგუფის ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე. მან დიდი წვლილი შეიტანა ICPC-ის მოძრაობის განვითარებაში მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. მის მიერ განხორციელებული ინიციატივებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ოლიმპიადა დაპროგრამებაში ილია ვეკუას თასზე, რომელიც 2007 წლიდან ტარდება და დამსახურებულად მიეკუთვნება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ოლიმპიადების რიცხვს.
ჯოზეფ ს. დებლასის ჯილდოს ნომინანტების ვინაობა ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ოქტომბერში, მოსკოვში, დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) რიგით 44-ე ფინალზე. რთული ეპიდემიური ვითარების გამო, წლევანდელ ფინალს დაჯილდოვებულთა უმეტესობა ვერ დაესწრო. პროფესორ ჰ. მელაძისთვის განკუთვნილი ჯილდო თბილისში ჩამოიტანა ICPC-ის სამხრეთ კავკასიის ჯგუფის დირექტორმა, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა თეოდორე ზარქუამ, რომელიც როგორც ზემოთ ნახსენებ შეჯიბრების ფინალზე გახდა ცნობილი, აღნიშნული ჯილდოს მეორე ქართველი მფლობელია.
ვულოცავთ ჯილდოს ორივე ლაურეატს დიდ საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს ახალგაზრდა თაობის პროფესიული აღზრდისა და განვითარების გზაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის
გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი