მიმდინარე წლის 20 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჰამლეტ მელაძე და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი ბერიკაშვილი სტუმრად იმყოფებოდნენ წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში. ღონისძიება „საუბრები მათემატიკაზე“ ჩატარდა გიმნაზიის მათემატიკის კათედრისა და მათემატიკის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით. შეხვედრას ესწრებოდნენ გიმნაზიის მათემატიკის მოყვარულთა კლუბის წევრები, დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები.
სტუმრებმა ბავშვებს გააცნეს ქართული მათემატიკური სკოლის ისტორია, მისი მიღწევები. ისაუბრეს მათემატიკის მნიშვნელობაზე და მის კავშირებზე მეცნიერების სხვადასხვა დარგთან, დაწვრილებით შეეხნენ, თუ რით არის საინტერესო და მომხიბლველი მათემატიკა, რატომ უნდა აირჩიონ ის მომავალ სპეციალობად. ვ. კვარაცხელიამ ასევე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის აწმყოსა და პერსპექტივებზე. სტუმრებმა ბავშვები მოიპატიჟეს ინსტიტუტში.
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და სტუმრებმა ამომწურავად უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.
გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც გაგრძელდება ურთიერთთანამშრომლობა. გამოითქვა აზრი, რომ გიმნაზიის მათემატიკის კათედრასა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს შორის გაფორმდება მემორანდუმი – ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რაც მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო ღრმად შეისწავლონ მეცნიერების ეს დარგი.