მიმდინარე 2025 წელს, ცნობილმა საერთაშორისო გამომცემლობამ “Generis Publishing” გამოსცა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, პროფესორ მურმან კუბლაშვილის ინგლისურად თარგმნილი მონოგრაფია:
«Numerical Solutions of Singular Integral Equations and Some of Their Applications».
აღნიშნული მონოგრაფია სახელწოდებით
«სინგულარული ინტეგრალური განტოლებების რიცხვითი ამოხსნები და მათი ზოგიერთი გამოყენება», ორიგინალურ ქართულ ენაზე გამოცემული იქნა შარშან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ და შესაბამის მათემატიკურ სფეროში მოღვაწე მეცნიერებისა და სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა.
მონოგრაფიაში განხილულია კოშის გულიანი სინგულარული ინტეგრალების აპროქსიმაციის საკითხები მაღალი რიგის სიზუსტის კვადრატული ფორმულებით. მათი გამოყენებით აგებულია მაღალი რიგის სიზუსტის რიცხვითი ამოხსნის სქემები პირველი გვარის სინგულარული ინტეგრალური განტოლებებისათვის გახსნილი გლუვი და უბან-უბან გლუვი კონტურების შემთხვევაში. მიახლოებით ამოხსნილია ასეთი განტოლებების შემცველი პრაქტიკული, გამოყენებითი ტიპის ამოცანები მათემატიკური ფიზიკის, დრეკადობის თეორიის, აერო/ჰიდრო დინამიკის სფეროებიდან. დაწერილია პაკეტ-პროგრამის ტიპის კომპიუტერული პროგრამები სხვადასხვა დარგის ინჟინერ-მკვლევარებისთვის.