2024 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა უმასპინძლა ორ ღონისძიებას: ინსტიტუტის 68 წლის იუბილეს და GAIN პროექტის სემინარს. შეხვედრას ესწრებოდნენ: ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია და დეკანის მოადგილე, პროფესორი ნონა ოთხოზორია, ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში შემავალი კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება გახსნა გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ. მან მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის და მოკლედ მიმოიხილა გასული წლის განმავლობაში ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოები და მიღებული შედეგები, ასევე, მომავლის ხედვის პერსპექტივები.
უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსების დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
GAIN პროექტის კოორდინატორმა, დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგობიანმა წარმოადგინა პრეზენტაცია „საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ხელოვნური ინტელექტის დარგში. GAIN პროექტი“. აღნიშნულმა პრეზენტაციამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. სიტყვით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ სულაბერიძე. გამომსვლელებმა ისაუბრეს გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტსა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, ასევე სხვა კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამრომლობის, მისი შემდგომი გაფართოებისა და გაღრმავების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.