ინსტიტუტის დირექტორის, ვახტანგ კვარაცხელიას განცხადება
გარდაიცვალა ჩვენი ინსტიტუტის დიდი გულშემატკივარი, ჩემი უფროსი მეგობარი, გამორჩეული პიროვნება, საოცრად ყურადღებიანი, საიმედო და უღალატო, მოსიყვარულე გულის, თბილი და კეთილი გრძნობების მატარებელი ადამიანი, პროფესორი რევაზ (რეზო) სტურუა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლები თანაგრძნობას ვუცხადებთ ბატონი რეზოს ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს!
ბატონი რეზო იყო გამორჩეული როგორც პროფესიონალი, მეცნიერი, პედაგოგი, პატრიოტი და საზოგადო მოღვაწე. არ არის ადვილი თავი მოუყარო და ჩამოთვალო რეგალიები, რომელთაც ის ატარებდა თუ ფლობდა – საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის სამთო აკადემიის, მინერალური პროცესების მსოფლიო კონგრესის მუდმივმოქმედი სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტი, რუმინეთის ,,სამთო ჟურნალის” რედკოლეგიის, საქართველოს ,,სამთო ჟურნალის” გამომცემელი და რედკოლეგიის წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველი პრორექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი, გალაკტიონის პრემიის 2019 წლის ლაურეატი.
გასული წლის 26 ნოემბერს ინსტიტუტში შემოქმედებით საღამოზე შევხვდით ბატონ რეზოს. სულგანაბული ვუსმენდით მას დარბაზში შეკრებილები, იგი მართლაც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით, საოცარი გულწრფელობით კითხულობდა თავის ძველ და ახალ ლექსებს. უკვე დიდი გულისტკივილით მინდა გავიმეორო ის სიტყვები, რომელიც ვთქვი იმ შეხვედრაზე: „პირველი, რაც მისი ლექსების წაკითხვის შემდეგ განვიცადე და მომეჩვენა იყო ის, რომ ბატონი რეზო დახვეწილი, გამართული ქართულით ამბობდა რაც მე და ალბათ თითოეულ ჩვენგანს გვიფიქრია, განგვიცდია. თითქოს ჩემს გულში იჯდაო, ასეთი შთაბეჭდილებები დამრჩა როცა წავიკითხე მისი ლექსები სამშობლოზე, დედაზე, მამაზე, ვაჟიშვილზე, სიყვარულზე. ავტორს გულის ნადები გადმოცემული აქვს ფაქიზად, ძარღვიანად, პოეტურად, სიტყვებზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე…“
მშვიდობით ბატონო რეზო!
მისი ეს ლექსი გვახსენდება დღეს –
მადლობა უფალო
ვფიქრობ, რომ უფალი
დღის ხიდზე გამიყვანს,
ხვალამდე დამაცდის
და მერე წამიყვანს.
სამადლო საქმისთვის
დიდი დრო არ მრჩება
და თუ არ ვიჩქარე,
ვალებიც დამრჩება.
მინდა, რომ მოვასწრო
სიკეთის დანახვა,
მაცდური სიამის
შევიძლო არნახვა.
მოვასწრო, გავიგო
ფიქრები ეულის,
ვიტკინო მტანჯველი
ტკივილი სნეულის.
მივიდე, მეძახის
უმწეო მცხოვარი,
გზაზე რომ მორთხმულა
გროშების მთხოვარი.
დროც ბევრი არ დამრჩა
მომავალ დილამდე,
მანამდე ხომ უნდა
მივიდე შინამდე.
და რადგან სიკეთე
მთელი დღე ზარმაცობს,
უფალი წინასწარ
ბოლო დღეს არ მაცნობს.
მადლობა, უფალო,
ნაჩუქარ დღისათვის,
ლამაზი მიწის და
მოწმენდილ ცისათვის.