2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი თანამშრომლობს ა(ა)იპ – სასწავლო-კვლევით სამეცნიერო ცენტრთან. თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული (და სხვა) მიმართულების კვლევებში მათემატიკური მეთოდების გამოყენებას და მათი რეალიზაციისთვის კვლევითი კომპეტენციების გამომუშავებას, სხვადასხვა დარგის მეცნიერთა შორის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცვლას.
ამ მიზნით შეირჩა სხვადასხვა სპეციალობის (საჯარო მმართველობა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, მშენებლობა) დოქტორანტები. ინდივიდუალური მეცადინეობების გეგმის შესაბამისად გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებებში ორგანიზებული იქნა სასწავლო ტრენინგები. თითოეული დოქტორანტის კვლევის ხასიათის გათვალისწინებით ტრენინგების პროგრამებში ჩართული იყო გამოყენებითი სტატიკის და გამოთვლითი მეთოდების საკითხები, პროგრამული პაკეტები SPSS, Excel, Wolfram Mathematica. პანდემიის პირობებში ტრენინგები ტარდებოდა ვებინარების რეჟიმში.
თანამშრომლობის ფარგლებში, ინსტიტუტის ბაზაზე, ინსტიტუტის მეცნიერების მონაწილეობით განხორციელდა 7 პროექტი 7 დოქტორანტთან:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტი გ. ყიფიანი, სადოქტორო თემა “მშენებლობის ზოგიერთი ამოცანის რიცხვითი ამონახსნებისთვის მათემატიკური მოდელების შექმნა სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდით “.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი ლ. ტრაპაიძე, სადოქტორო თემა “რთული სისტემების ეფექტიანობის ანალიზი მარკოვული მოდელების გამოყენებით”.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტი ნ. ფილფანი, სადოქტორო თემა “კოშის გულიანი ინტეგრალების აპროქსიმაცია და მათი გამოყენება ბზარების ამოცანების რიცხვით ამოხსნებში”.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დოქტორანტი ქ. ცაცანაშვილი, სადოქტორო თემა „ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო მართვა საქართველოში“.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დოქტორანტი ლ. სისვაძე, სადოქტორო თემა „სახელმწიფო მართვის ინოვაციური მეთოდები: ეთნოპოლიტიკური უსაფრთხოება საქართველოში“.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი თ. გიორგობიანი, სადოქტორო თემა “აგრამატიზმი აფაზიების სხვადასხვა ფორმის დროს.“ სადოქტორო პროგრამა – კლინიკური ნეიროფსიქოლოგია. გეგმის თანახმად დოქტორანტმა უნდა აითვისოს სტატისტიკურ პროგრამულ პაკეტები „SPSS“ და „Excel“.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი ქ. კანდელაკი, სადოქტორო თემა „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის მართვა (პრობლემები და გადაჭრის გზები)“.
დოქტორანტ ქ. კანდელაკთან ერთად მომზადდა ერთობლივი მოხსენება, რომელიც წაკითხული იქნა საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-11 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე (2020 წლის 27-29 აგვისტო, ქ. ბათუმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). მოხსენებაში განხილული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის ავტობუსების მარშრუტებთან დაკავშირებული ამოცანები და შესაბამისი სტატისტიკური ანალიზი. მოხსენების მასალებზე დაყრდნობით, პროგრამაში მონაწილე 2 დოქტორანტის თანაავტორობით გამოქვეყნდა ერთობლივი სამეცნიერო სტატია “Statistical analysis for efficient design of passenger transit system. Bulletin of TICMI, vol. 24, No. 2, 2020, pp. 85-95” (ავტორები G. Giorgobiani, T. Giorgobiani, K. Kandelaki, V. Kvaratskhelia, M. Tsatsanashvili). ნაშრომის პრეზენტაცია შედგა 2020 წლის 3 ნოემბერს ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ ინსტიტუტისა და ცენტრის ხელმძღვანელები და მეცნიერები. ამ საკითხების ირგვლივ მომზადდა მოხსენება, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებულში: “Passenger transit issues in the sustainable urban transport development strategy of the city Tbilisi”, Abstracts of VII International Scientific and Practical Conference “Fundamental and applied research in the modern world”, 17-19 February 2021, Boston, USA. მუშაობის პროცესში დასმული იქნა ახალი ამოცანებიც, რომლებსაც მიეძღვნება კიდევ ერთი სამეცნიერო ნაშრომი. შედგენილი იქნა შესაბამის მონაცემთა შეგროვების და დამუშავების გეგმა.
თანამშრომლობა ა(ა)იპ – სასწავლო-კვლევით სამეცნიერო ცენტრთან გრძელდება.