საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტი არის ცოდნის ტაძარი, რომლის მთავარი მიზანი და მოვალეობა მომავალი თაობის აღზრდა და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაა, ვისთვისაც ორგანული იქნება როგორც ეროვნული, ისე საუკეთესო დასავლური ფასეულობები. ჩვენ ქვეყნის პატრიოტები უნდა გავზარდოთ, რომლებიც, დიდი წინაპრების მსგავსად, თავადაც იტყვიან მნიშვნელოვან სიტყვას როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ევროპული და საერთაშორისო სივრცის განვითარებაში. როგორც დიდი ნიკო ნიკოლაძე ამბობდა – “ჩვენი გზა ევროპაშია, ხოლო ხსნა განათლებასა და წიგნიერებაში”.
ჩვენთვის დაუშვებელია სხვისი აზრის მიუღებლობა და გაუმართლებელი აგრესია. სწორედ დემოკრატიული ღირებულებები მოითხოვს განსხვავებული აზრის პატივისცემას და შესვლას დისკუსიასა და კამათში და არა დაპირისპირებაში.
ჩვენთვის ძვირფასია საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას, მისი წახალისებისა და გამოწვევის ნებისმიერ ფორმას როგორც აქციის მონაწილეების, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას და, სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში შეფერხების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, სასწავლო კომპონენეტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთგულია ევროინტეგრაციის პროცესის და ღრმად სწამს, რომ, ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით და ქართველი ხალხის ნებით, საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.