საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა მძიმე დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა მისი ერთ-ერთი აქტიური მკვლევარი, ალბათურ-სტატისტიკური განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი ბადრი მამფორია.
ბადრი მამფორია დაიბადა 1954 წლის 7 დეკემბერს, მაშინდელ დაბა ჩხოროწყუში. იგი ადრეული ასაკიდანვე იჩენდა მათემატიკისადმი ინტერესს, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი – სკოლის დამთავრების შემდგომ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში მონდომებული სტუდენტის ნიჭიერებას ყურადღება მიაქცია ცნობილმა მეცნიერმა და პედაგოგმა, პროფესორმა ნიკო ვახანიამ. მისი ხელშეწყობით, ბადრი მამფორია თითქმის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1978 წელს, მუშაობას იწყებს ჩვენს ინსტიტუტში. ბატონი ნიკოს ხელმძღვანელობით მალევე იცავს საკანდიდატო დისერტაციას ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სპეციალობით მოსკოვის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.
გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში ბადრი მამფორიას შემდგომი კვლევითი საქმიანობა მოიცავს ათეულობით ნაშრომს და თემატურად უკავშირდება მისი დიდი მასწავლებლის ნ. ვახანიას მიერ დაფუძნებულ ცნობილ სამეცნიერო სკოლას „ალბათური განაწილებები ტოპოლოგიურ ვექტორულ სივრცეებში“. მიღებული აქვს ყურადსაღები შედეგები უსასრულო განზომილებიან სივრცეებში სტოქასტური დიფერენციალური განტოლებების ამოხსნადობის საკითხებისა და იტოს ინტეგრალების არსებობის შესწავლის მიმართულებით.
მაგრამ მხოლოდ ნაყოფიერი და აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობა როდი გამოარჩევდა ბადრი მამფორიას ჩვენს საინსტიტუტო ცხოვრებაში. ბადრი იყო იშვიათად კეთილშობილი და გულისხმიერი ადამიანი, ღვთისნიერი და მოსიყვარულე, მოყვასის ჭირისა და ლხინის ალალად გამზიარებელი. ამ თვისებებმა აქცია იგი ჩვენი ინსტიტუტის ყველა თანამშრომლისთვის საყვარელ ადამიანად, ასეთად დაამახსოვრდება ბადრი მამფორია ქართველ მათემატიკოსთა საზოგადოებას.
გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას მეგობარსა და კოლეგას. დაე, ნათელში იყოს ბადრის კეთილი და მაძიებელი სული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის
გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი