
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო.
ბატონი სანდრო გახლდათ გამორჩეული, მაღალი პიროვნული და სამეცნიერო ღირსებებით დაჯილდოებული პიროვნება. მან უდიდესი და წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მათემატიკური სკოლის განვითარებაში. ათწლეულების განმავლობაში იგი ნაყოფიერ სამეცნიერო და აკადემიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტს და ამავდროულად, 2012-2018 წლებში იყო ჩვენი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
პროფესორ ალექსანდრე ლაშხის სამეცნიერო ინტერესები მოიცავდა ლის ალგებრათა თეორიას, მათ მესერულ იზომორფიზმებს, რგოლურ და პროექციულ გეომეტრიებსა და გეომეტრიულ ალგებრას. იგი არის 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მრავალი სტატიისა თუ სახელმძღვანელოს ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო მაღალრეიტინგულ გამოცემებშია გამოქვეყნებული. მისი ხელმძღვანელობითა და კონსულტანტობით მომზადდა არაერთი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. ბატონი სანდრო მუდამ განსაკუთრებული მზრუნველობითა და სიყვარულით ედგა გვერდში ახალგაზრდა თაობებს.
როგორც მსოფლიო დონის მეცნიერი, იგი პერიოდულად მიწვეული იყო ლექციების წასაკითხად და სამეცნიერო კვლევებისთვის უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და ცენტრებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიაში, ისრაელში, საფრანგეთში, ინგლისსა და კანადაში. მან უდიდესი როლი ითამაშა ქართველი მათემატიკოსების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასა და პალერმოს, დებრეცენის, ოსტრავასა თუ სხვა ცნობილ უნივერსიტეტებთან მყარი სამეცნიერო კავშირების დამყარებაში.
გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის კოლექტივი გულწრფელად თანაუგრძნობს ბატონი სანდროს ძვირფას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად მათემატიკურ საზოგადოებას. მისი სახელი და სამეცნიერო მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერების ისტორიაში და ყველა იმ ადამიანის გულში, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონია.
ნათელში განისვენოს მისმა სულმა!
სტუ-ს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი
